ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, ერთად ბოლნისის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თეა ონიანისა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეა ონიანმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და სერვისები გააცნო, რომლებსაც სააგენტო საზოგადოებას სთავაზობს.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ზრუნვა ყველა მხარის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის პროცესში სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა აუცილებელია.
ხაზი გაესვა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში სააგენტოს ჩართულობისა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური ან ვიზუალური დაცვის არეალში შეუსაბამო ნაგებობების გაჩენის რისკი.
ასევე, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წარმოადგინა ქვემო ქართლის რეგიონის მუზეუმების განვითარების კონცეფცია, რომელიც მოიცავს ამ რეგიონში მდებარე მუზეუმებისა და არქეოლოგიური ობიექტების მიმდებარე სივრცეების განვითარებას, რათა ის დამთვალიერებლებისთვის მიმზიდველი იყოს.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ბოლნისის გერმანული უბანი დაათვალიერეს და მის რეაბილიტაციაზე იმსჯელეს, რომელიც ქალაქს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დიაკონიძე და მისი მოადგილე შალვა მესხი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, რეგიონის მერები და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.
