აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა სამინისტროს გეგმებზე, ტყის დაცვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის რესურსების დაცვასა და ეფექტიან მართვას. შეხვედრისას მინისტრმა მეტყევეებისგან მოისმინა ინფორმაცია სატყეო ადმინისტრაციებში მიმდინარე სამუშაოებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
მინისტრმა დაათვალიერა თიკერის სანერგე მეურნეობა, სადაც 12 ჰექტარ ფართობზე გაშენებულია წიწვოვანი მცენარეები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები”,- წერია ინფორმაციაში.
