ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს წევრებთან და მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რატევანის, ბალიჭისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე და ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი ხედვები გაუზიარეს პროგრამის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეების მოსაზრება მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მოსაზრება. „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ გადაწყვეტილებები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს პასუხობდეს. თქვენი ჩართულობა გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და იმ პროექტებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად გააუმჯობესებს”,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ: საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი; კაზრეთის თემის მაჟორიტარი ზვიად ჯაყელი; საკრებულოს წევრი ირაკლი კოდელაშვილი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
