გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სოფელ ტყვირში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2,5 კგ. თევზი. სამართალდამრღვევი უკანონოდ მოპოვებული თევზისა და თევზჭერის აკრძალული საშუალების ტრანსპორტირებას ახდენდა.
“ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გასულ წელს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია”,- წერია ინფორმაციაში.
