ზამურ ჭითანავა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ პერსონალს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღებში არსებულ საჭიროებებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე.
მერმა ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია მენეჯერებსა და ბაღებში დასაქმებულ პერსონალს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, რათა საჭიროებების დროულად იდენტიფიცირება მოხდეს.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი საჭიროებები და ხედვები გაგვიზიაროს. აუცილებელია, საჭიროებების კვლევა ადგილზე, უშუალოდ ბაღებში მოხდეს და ინფორმაცია დროულად მოგვაწოდონ. სწორედ ამ გზით შევძლებთ პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.
საბავშვო ბაღების პერსონალთან შეხვედრას მერის მოადგილეები ალექსანდრე ზაბახიძე, ვალენტინა ნავერიანი და სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი, ლელა გოგმაჩაძე, ესწრებოდნენ.
