ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
“13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე – თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
“დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.
