ქარელის მერია: სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრთან, კახაბერ გულედანთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანთან ერთად სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ორსართულიანი ობიექტი სრულად იქნება მორგებული როგორც სპორტსმენების, ისე მაყურებელთა საჭიროებებზე.
პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები.
მეორე სართულზე კი ტრიბუნები და მრავალფუნქციური სივრცე განთავსდება, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროს მშენებლობაც, რაც ობიექტის ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
სპორტდარბაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „ართვინ ჯორჯია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
