რუსთავში ,,რუსთავქალაქობას” აღნიშნავენ

რუსთავში, ,,რუსთავქალაქობას” აღნიშნავენ. ქალაქის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მთავარ მოედანზე დილიდან მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები იმართება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოეწყო ორკესტრისა და ზღაპრის გმირების კოსტუმირებული მსვლელობები, ილუზიონისტების შოუ. ჩატარდა სახალისო მასტერკლასები, გაიმართა თოჯინების წარმოდგენა და საბავშვო ცეკვის სტუდიების ფლეშმობი.

,,რუსთავქალაქობა-2025-ის ფარგლებში, რუსთავი წელს ,,წიგნის ფესტივალს” მასპინძლობს. ქალაქის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენა ფასდაკლებით შეუძლიათ, იმართება შეხვედრები ავტორებთან.

რუსთაველებს და ქალაქის სტუმრებს, ,,რუსთავქალაქობა მიულოცეს ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

,,ჩემს ქვეყანას ვულოცავ სვეტიცხოვლობას, ჩემს ქალაქს კი ,,რუსთავქალაქობას”. რუსთავში დღეს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა და ძალიან კარგი ამინდია იმისთვის, რომ მთავარ მოედანზე ოჯახებით მოვიდეთ და კარგი დრო გავატაროთ. დილიდან ბავშვთა გასართობი სივრცეებია მოწყობილი, სადაც ჩვენი პატარები სასიამოვნო გარემოში ატარებენ დროს. საღამოს გველოდება ანსამბლ ,,რუსთავის” კონცერტი. ,,რუსთავი” ჩვენს ქალაქში ბრუნდება იმ ისტორიით, რომელიც რუსთავქალაქში წლების წინ დაიბადა. მოგვიანებით კი მთავარ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე, მთელი ქალაქი ერთად ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს. საკმაოდ საინტერესო დღე გვაქვს, ასე, რომ ყველას გელოდებით ქალაქის მთავარ მოედანზე”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

,,რუსთავქალაქობა-2025″-ის სცენას ანსამბლი ,, რუსთავი” 19: 00 საათიდან დაიკავებს.
ანსამბლ ,, რუსთავის” კონცერტი, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. უახლოეს პერიოდში საქართველოს კულტურის სამინისტროს, რუსთავის მერისა და ანსამბლ ,,რუსთავს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, რუსთავის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე დასრულდება, ანსამბლი ,, რუსთავის” ერთ-ერთი შემადგენლობა დაიდებს ბინას. ამ გადაწყვეტილებით, განახლდება ის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ქალაქ რუსთავს, ანსამბლ ,,რუსთავთან” მისი დაარსების დღიდან, 1968 წლიდან ჰქონდა.

,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს – 22: 45 საათიდან, მთავარ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე, საქართველო-თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია დაიწყება.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,რუსთავქალაქობის” დღესასწაული, ქალაქში ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები