სულხან თამაზაშვილი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სულხან თამაზაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ, რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზიც მოწმობს.
,,ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. თქვენი საქმიანობა ქმნის სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში.
,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას განიცდის. ბოლო წლებში, სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც მარტივად მოწმობს აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზი, რომელიც 2012 წელთან შედარებით, ბოლო მონაცემებით გაზრდილია 208%-ით და რვა მილიარდამდე ლარს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას. ასევე, ერთად მივაღწევთ ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს – აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ოთხივე სეზონზე” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვა წარმოადგინა და სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარას ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. მხოლოდ 2025 წლის მეორე კვარტალში, რეგიონის ბიზნესს სექტორის ბრუნვა 8%-ით, პროდუქციის გამოშვება 11%-ით, დასაქმება 10%-ით, ხოლო საშუალო ანაზღაურება 9%-ით გაიზარდა. ასევე, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა უძრავი ქონების ბაზარმაც და წინა წლის მაჩვენებელს 23%-ით გადააჭარბა.
ბიზნესს სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.