აჭარაში 7000-მდე ფერმერს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცემა
აჭარაში 7000-მდე ფერმერს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, პირველ მოადგილე არჩილ ბერიძესთან და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსთან ჯამბულ აბულაძესთან ერთად, ფერმერებისთვის ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრო.
“აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში მიმდინარეობს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა საშუალებების თანადაფინანსება.
პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავის, რძის აპარატის, მეფუტკრეობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის საწარმოო საშუალებების და სხვა ტექნიკის თანადაფინანსება,”- წერია ინფორმაციაში.