სოფელ ჭალოვანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი, ღია სპორტული მოედანი გაიხსნა
,,სოფელ ჭალოვანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი, ღია სპორტული მოედანი გაიხსნა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გახსნის საზეიმო ღონისძიებაში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე მოადგილეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობდნენ.
ლევან ივანაშვილის თქმით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა.
„გარკვეული ხნის უკან აქაურმა ახალგაზრდებმა თხოვნით მომმართეს – ჭალოვანში სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ და აი, დღეს ჩვენ გავხსენით ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული პროექტი. მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და აქვე, მოგმართავთ თხოვნით – ყველამ ერთად მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ არსებული ინფრასტრუქტურა. უახლოეს ხანში კი, თქვენივე ინიციატივით, მოედანს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის – დათა შუბითიძის სახელი მიენიჭება”,- აღნიშნა მან.
დღეიდან, ხელოვნური საფარითა და ღამის განათებით აღჭურვილი მოედანი ფეხბურთითა და კალათბურთით დაინტერესებულ პირებს მოემსახურება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად აგრძელებს.