სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ადიგენში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, ადიგენში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი და ცოცხალი ძალა, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე.
“სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ზარალის დასადგენად.
ადიგენის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა ღორღის მასა ჩამოიტანა, სოფელ გომარო და შოყაში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ვითარების გასაცნობად სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.