ლევან იოსელიანი ჭიათურმანგანუმის მაღაროს უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს შეხვდა

10 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ჭიათურმანგანუმის მაღაროს უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“შეხვედრაზე მაღაროელებმა სამსახურიდან გათავისუფლების, შრომის პირობების დაცვისა და კომპენსაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სახალხო დამცველს პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შუამდგომლობა სთხოვეს.

სახალხო დამცველმა პრობლემის მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მანგანუმის მაღაროში იყო დასაქმებული, ათასობით ადამიანის უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დატოვებით კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც არღვევს ადამიანის შრომისა და ღირსეული ცხოვრების უფლებებს.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ნედლეულის ღია წესით მოპოვების შედეგად ფაქტობრივად გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

სახალხო დამცველი მაღაროელებს დაჰპირდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა მათი გასაჭირი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანოს.

როგორც ცნობილია, მარტის დასაწყისიდან „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეწყვიტა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები