საგარეუბნო მატარებელმა, მარშრუტით ქუთაისი – საჩხერე – ქუთაისი, მგზავრთა მომსახურება განაახლა
„საგარეუბნო მატარებელმა, მარშრუტით ქუთაისი – საჩხერე – ქუთაისი, მგზავრთა მომსახურება განაახლა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განახლებული სარკინიგზო მარშრუტით მგზავრებთან ერთად, ზესტაფონის მერმა – ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – მამუკა მოდებაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელთან – ლაშა გველესიანთან და “საქართველოს რკინიგზის” სადგურ ზესტაფონის უფროსთან რამაზ ფერაძესთან ერთად იმგზავრეს და მოსახლეობის შეფასებები მოისმინეს აღდგენილი სარკინიგზო ხაზის შესახებ.
ვასილ გველესიანის თქმით, სარკინიგზო ტრანსპორტი უამრავი ადამიანისთვის დიდი შეღავათი იქნება.
“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, რომელთაც გაითვალისწინეს მოსახლეობის ინტერესი და საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე აღადგინეს. სარკინიგზო ტრანსპორტით მდ. ყვირილას, ამ ულამაზეს ხეობაში მცხოვრები, უამრავი ადამიანი სარგებლობს და ეს დიდი შეღავათი იქნება მათთვის” – განაცხადა ვასილ გველესიანმა.
საგარეუბნო მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან დილის 06 : 00 სთ -ზე გამოდის. მარშრუტის ხანგრძლივობა საჩხერის სადგურამდე 3 საათი და 30 წუთია. გარდა ძირითადი სადგურებისა, საგარეუბნო მატარებელი, მუნიციპალიტეტების არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ბაქნებზე ჩერდება, მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.