ბორჯომის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულების ეტაპზეა
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულების ეტაპზეა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მამუკა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ სადგერში, ცემში, ლიბანში და ტბაზე მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო,“- ნათქვამია ინფორმაციაში.