“Starring Georgia-მ“ გურიაში მეწარმეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარა
„Starring Georgia“ გურიის ადგილობრივი მეწარმეების გადამზადებას აგრძელებს. პროექტის — „გურია მთავარ როლში” — ეგიდით, 22 და 23 მარტს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართა რიგით მეორე ტრენინგი სახელწოდებით — „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, რომელიც მათ დაეხმარებათ, თანამედროვე სტანდარტებით მოაწესრიგონ თავიანთი სასტუმრო თუ სხვა ტიპის სერვისები, რომლითაც 2025 წლის ზაფხულში გურიაში ჩასული ათობით ათასი ვიზიტორი ისარგებლებს.
„ეს ტრენინგები ძალიან კარგი გამოცდილებაა ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რომლებიც უამრავ უცხოელ თუ ქართველ ვიზიტორს უნდა მოემსახურონ. ძალიან სასიხარულოა, რომ ტრენინგები თემატურად მრავალფეროვანია და ეხება ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მომსახურების სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა კი, ის საკითხებია, რომელთაც, ამა თუ იმ ფორმით, ყველა სერვისი მოიცავს. ჩვენ პირველი ტრენინგიდანვე აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში და ვაპირებთ, გავაგრძელოთ „Starring Georgia-სთან“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა. მიგვაჩნია, რომ აქ მიღებული ინფორმაცია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,“ — აღნიშნავენ ტრენინგის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ კამპანია — „გურია მთავარ როლში” —რეგიონის მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ასობით ადგილობრივი მეწარმის გადამზადება მიმდინარეობს. კამპანია „Starring Georgia-ს“ მიერ არის ინიცირებული და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რაც უკვე არსებული ბიზნესების განვითარებასა და ახალი პროდუქტების შექმნის წახალისებას გულისხმობს.
პირველი ტრენინგი — „საოჯახო სასტუმროების მართვა” — 14, 15 და 16 თებერვალს ოზურგეთში გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, მეწარმეებს ეტაპობრივად სხვა ტრენინგებიც ჩაუტარდებათ. ყველა მათგანი ერთდღიანია და მისი გავლის შემდეგ თითოეულ დამსწრეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.