სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: რეგიონში უამინდობითა და უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, თოვლის საფარისა და ლიპყინულისგან ინტენსიურად იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და მუნიციპალური გზები
რეგიონში უამინდობითა და უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, თოვლის საფარისა და ლიპყინულისგან ინტენსიურად იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და მუნიციპალური გზები. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
,,სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
საყურადღებოა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, დიდთოვლობის გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე კი, ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია”,- წერია ინფორმაციაში.