რუსთავის მერიამ, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, ბაგა-ბაღების თანამშრომლების გადამზადების პროექტი განახორციელა

„რუსთავის მერიამ, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, ბაგა-ბაღების თანამშრომლების გადამზადების პროექტი განახორციელა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა.

“პროექტი, რუსთავის მერიამ, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, ჰუმანური პედაგოგიკის კურსი, ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა, ნოვატორი მეცნიერის – შალვა ამონაშვილისგან  მოისმინა.

პროექტის საგანმანათლებლო ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც უკვე დასრულებული სასწავლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია, პროფესორმა შალვა ამონაშვილმა ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებსა და პედაგოგებს წარუდგინა.

,,რუსთავის ბაგა-ბაღების პედაგოგებმა და აღმზრდელებმა ჰუმანურ პედაგოგიკაში ერთწლიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. მე გაოცებული ვარ ქალაქის ხელმძღვანელობის შემართებით, რომელმაც მოინდომა და ტრენინგ კურსში რუსთავის ბაგა-ბაღების ყველა აღმზრდელ-პედაგოგი ჩართო. სასწავლო პროცესი დასრულდა, მაგრამ საქმე არ დასრულებულა, გაწეული სამუშაოს შედეგს, ჩვენ რამდენიმე წელში ვნახავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ რუსთავში, ყოველ წელს სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდეს, რომელშიც ბაგა-ბაღების პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას”, – განაცხადა პროფესორმა შალვა ამონაშვილმა.

პრეზენტაციას რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და შალვა ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,, საქართველოში ერთადერთმა მუნიციპალიტეტმა – რუსთავმა, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, უნიკალური პროექტის განხორციელება შევძელით. პროექტი მოიცავდა სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგიის დანერგვას. ამ მიმართულებით ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელი გადამზადდა, მათ სპეციალური ტრენინგ-კურსი გაიარეს. პროექტი თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს გვქონდა დასკვნითი ღონისძიება”, – განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ კახა გურულმა.

მიმდინარე წელს რუსთავში 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, კი განხორციელდა პროექტი, რომელიც სააღმზრდელო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვის,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები