რუსთავის მერია ახალი სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს

„რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების რეფორმების ფარგლებში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალ სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტს იწყებს,”- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ორ ახალ პროგრამას – შაბათ კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების განხორციელებას მოიცავს. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ახალი სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტები, რუსთაველ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს, სპორტის მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე წარუდგინა. პრეზენტაციას საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.

,,საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში სპორტის სასახლის სახით შეიქმნა უნიკალური სპორტულ-საგანმანათლებლო სივრცე. რუსთავის მერიის გუნდს ამ ახალ სივრცეში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით განათლების მიმართულებით შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. დღეს, ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს – შაბათ კვირის სკოლას, რომელიც განათლების მიმართულებით მოემსახურება, როგორც ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე მათ მწვრთნელებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ზრდიან ახალ თაობებს და მათ სპორტულ წარმატებებში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე, შაბათ-კვირის სპორტული სკოლა, 10-დან 16 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის, სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში, თეორიული ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობა იქნება.

„რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების და რეფორმების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულით, ლექციებს, რუსთაველ ბავშვებს, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები წაუკითხავენ. სპორტის განვითარებას და რუსთაველი მოზარდებისთვის თანამედროვე სერვისების შეთავაზებას ემსახურება მეორე ახალი პროექტიც, რომელიც რუსთავში მოქმედი სპორტული სკოლების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სპორტულ სკოლებში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად. პროექტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში 63 რუსთაველი მწვრთნელი იქნება ჩართული. სპეციალური საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, თითოეული მათგანი, სერტიფიკატს მიიღებს. პროექტები, რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში განხორციელდება. მუზეუმი, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიამ, რამდენიმე თვის წინ გახსნა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები