დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება
„დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება,“- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები.
ასევე, გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: უწერა, გლოლა, ღები და ჭიორა.
ხვალ დილიდან აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება სამუშაოები და ეტაპობრივად მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ გზებსა და პრობლემურ ადგილებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.