ნინო ლაცაბიძე: პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს
რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში 2025 წელს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გაგრძელდება.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ქალაქის მერმა საცხოვრებელ კორპუსებში არსებული პრობლემები, მათთან ერთად განიხილა.
“პრემიერ მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების საშუალება მოგვეცა. დღეს მოსახლეობას შევხვდით, რადგან მათთან ერთად დაგეგმილი პროექტი ბევრად უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. ჩვენ ყველა მოთხოვნის და შენიშვნის გათვალისწინებას შევეცდებით, რომელიც მათი მხრიდან იქნა გაჟღერებული’, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გამაგრებითი სამუშაოები და ფასადების რეაბილიტაცია რუსთაველის N 25, 27, 32, 34 და 36 საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდება. N32 საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ორი ეტაპი უკვე დასრულებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით რესტავრირებულია 17 საცხოვრებელი კორპუსი, დასრულებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობა, მოწყობილია ახალი რეკრეაციული სივრცეები და ტროტუარები.