ონის მერია: დიდთოვლობის გამო გზების წმენდა აქტიურად მიმდინარეობს
“დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები”,- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან პრობლემურ უბნებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
“გზების წმენდის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობას. უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის. ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.