“ჩემი მიზანი არჩევნების გაყალბების მცდელობა კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია”, – ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი სოციალურ ქსელში წერს.
ისკანდიროვი არჩევნების დღეს გავრცელებულ ვიდეოზე საუბრობს, სადაც ნაჩვენებია, რომ ის მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ურნაში ბიულეტენებს ყრის.
„მინდა, სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება, თითქოს, მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, საარჩევნო უბანზე ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.
ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.
ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტენის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტენები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.
მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ, ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია”, – წერს ისკანდაროვი.