საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი:

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – კამალ მურადხანოვი – N3; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, თავმჯდომარე ნიკანორ მელია, თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია – N4; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა – N5; „ევროპელი დემოკრატები“, თავმჯდომარე პაატა დავითაია – N6; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი – N8; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე – N9; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი – N10; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე – N12; „შეცვალე საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე – N16; „საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი – N17; „თავისუფალი საქართველო“, თავმჯდომარე კახა კუკავა – N20; „ტრიბუნა“, თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე – N21; „ჩვენ“, დავით ქაცარავა – N23; „გახარია საქართველოსთვის“, თავმჯდომარე გიორგი გახარია – N25; „მემარცხენე ალიანსი“, თავმჯდომარე კონსტანტინე გუგუშვილი – N26; „ქართველთა ერთობა“, გაიოზ მამალაძე – N27; „გირჩი“, თავმჯდომარე იაგო ხვიჩია – N36; „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი – N41.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლებმა ხმა მისცეს 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლები იყო.

საქართველოში გახსნილი იყო 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლისი წესით, საიდანაც 12 იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

ამასთან, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენდა. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მუშაობდა.

პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებზე ცესკო-ს მონაცემები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები