ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს
ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ და დღევანდელი დღე – ვეტერანების დღე მიულოცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1000 ლარს იღებენ.
გარდა ამისა, მერიამ დააფინანსა მათი სარეაბილიტაციო კურსიც საზღვაო კურორტზე. ვეტერანებს შეუძლიათ ასევე, სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერს „ვეტერანების დღე“ 2014 წელს დაარსდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“. #ვეტერანებისდღე #17ოქტომბერი”,- წერია ინფორმაციაში.