თორნიკე რიჟვაძემ და ალექსანდრე წულაძემ ბათუმის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს
ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ბათუმის სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
„დღეს ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას შევხვდი. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად მიმელოცა ჩვენი მოსწავლეებისთვის სწავლაში მიღწეული წარმატება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სკოლებში უზრუნველვყოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ათასობით შრომისმოყვარე მოზარდს გადაეცემა კომპიუტერი.
დღეს კომპიუტერები ბათუმის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს გადავეცით, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება და 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5000-მდე მოსწავლეს დავაჯილდოებთ,“ – განაცხადა მინისტრმა.
მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. წელს საქართველოს მასშტაბით ასეთი 5000-მდე მოსწავლე დაჯილდოვდება.
2024 წელს აჭარის რეგიონში ჯამში 396 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან 180 ბათუმის სკოლებში სწავლობს.
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.