სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა.

შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. უკვე დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები.  საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები.

ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები. თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის. მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს. სოფელ ოკამის არსებული, ძველი ბაღის შენობა, საჭიროებდა რეაბილიტაციას და ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.

“შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. აქედან, 24 ახალი ბაღი შენდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 885 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, თუმცა ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან ერთად, რათა ეტაპობრივად, წელს და მომავალ წელს დავასრულოთ ამ ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია,“- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები