გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მმართველი გუნდის მისამართით, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა დაფიქსირდა.

კერძოდ, 14 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ხოლო „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა ლექსო ვალიაურმა გორში, „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ შეხვედრაზე არეულობის მოწყობა და ჩაშლა სცადეს.

„14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.
14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები