ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაული გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პიარსამსახურის ინფორმაციით, რიყეში სახალხო დღესასწაული “რიყეობა” გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
მამუკა წოწერიამ, ადგილობრივებს სოფლის დღესასწაული მიულოცა. განსაკუთრებით აღნიშნა, რიყის მკვიდრის, სახელოვანი სპორტსმენის ავთანდილ გახოკიძის ღვაწლი და მას 60 წლის იუბილე მიულოცა.
„დღეს რიყეში სოფლის დღესასწაული რიყეობა აღვნიშნეთ, რომელიც ძალიან ლამაზ ტრადიციად ჩამოყალიბდა. მიხარია, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული. მინდა წარმატებები ვუსურვო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სტუდენტები გახდნენ და მათი სახით ყველა სტუდენტს მუნიციპალიტეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ღონისძიება დაემთხვა რიყის მკვიდრს, სახელოვან სპორტსმენს და ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელს ავთანდილ გახოკიძის 60 წლის იუბილეს. მადლობა მინდა მისი ღვაწლისთვის გადავუხადო და მრავალი ბედნიერი წლის სიმრავლე ვუსურვო. ის არის ძალიან წარმატებული ძალოსნობის სკოლის დამფუძნებელი და ეს სკოლა დარწმუნებული ვარ ბევრ ტიტულოვან სპორტსმენს აღზრდის”, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ელენე ფოჩხუასა და მარიამ ალავიძის კონცერტით დაიხურა. რიყეს ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ასევე, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი შოთა მიშველაძე სტუმრობდნენ. ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული დეკანოზმა შალვა კეკელიამაც მიულოცა. სოფლის სახელით სტუმრებს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.