გურიის რეგიონში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 115 მლნ. ლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მლნ. ლარს შეადგენს. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
“აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატენების ორ უბანში: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 10 მლნ. ლარამდე მოხმარდა.
გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტების დასრულება, ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც 40 400-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს”,- წერია ინფორმაციაში.