ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ქალაქ ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

“ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური, მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულების შემდეგ ქ. ლანჩხუთისა და სოფელი მაჩხვარეთის 9200 ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

უწყვეტი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ჯურუყვეთი, ეწერი, ბაღლეფი, ომფარეთი,  წყალწმინდა და  სოფელ ღრმაღელეს ნაწილი. ხოლო აკეთის თემის დარჩენილი სოფლების:  წიაღობანი, ზემო აკეთი, ჭანჭათი, გაგური, ქვემო აკეთი და სოფელი ღრმაღელეს დარჩენილი ნაწილის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ოქტომბრის თვიდან ისარგებლებს.

აღნიშნულ სოფლების ნაწილს წყალმომარაგების ცენტრალიზებულ სისტემაზე წვდომა აქამდე არ ჰქონია. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალმომარაგების ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები, წყალმიმღები ნაგებობები და აღრიცხვის კვანძები. პროექტს სახელმწიფო დაფინანსებით 22 მლნ. ლარამდე მოხმარდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები