“ტყუპები იყვნენ, ეძინათ თურმე” – რას ჰყვებიან თვითმხილველები ტრაგედიაზე, რა დროსაც 2 ბავშვი დაიღუპა
ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე, ბინაში გაჩნდა, სადაც 4 ბავშვი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად ტყუპები, 6 წლის ძმები დაიღუპნენ.
მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველია. შემთხვევისას ბავშვები შინ სავარაუდოდ მარტოები იმყოფებოდნენ და ეძინათ. მათივე ინფორმაციით, ადგილზე არ იყვნენ მოზარდების მშობლები.
“კვამლით იყო ყველაფერი დაფარული. ქირით ცხოვრობდნენ. ტყუპები ჰყავდათ 7 წლამდე, სკოლაში მიმავალი და ორი კიდევ უფროსი მე-5, მე-6 კლასელები. ჩემი თვალით დავინახე გამოვიდნენ”,- ამბობს მეზობელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა მათ ორი მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ, კიდევ ორის გამოყვანა კი დროულად შეძლეს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვები კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.