2008 წელს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზესტაფონში

 

აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან დაბა შორაპანში ოჯახის წევრები, ხელისუფლების, თავდაცვის სამინისტროს და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ქართველი ჯარისკაცის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირმა მამა გიორგიმ.

” ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისთვის, მისი თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა ხსოვნის წინაშე, რომელთა შორისაა ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი ზაზა ფერაძე. მისი გმირობა მაგალითია ყველასთვის, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და მოყვასი”, – ვასილ გველესიანი

უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს დაბა შორაპანში დაიბადა. 2002 წლის ივლისში ჩაირიცხა კომანდოს ბატალიონში. 2004 წელს ცხინვალის კონფლიქტურ მოვლენებში იყო ჩართული. 2004 – 2005 წლებში ერაყის რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.

2008 წლის ივლისში მე – 4 ბრიგადის 42 – ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში სნაიპერების ჯგუფის მეთაურად დაინიშნა და ამავე ქვედანაყოფთან ერთად 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა. სნაიპერის ტყვიამ ზაზა ფერაძე მაშინ იმსხვერპლა,როდესაც დაჭრილი თანამებრძოლების გადასარჩენად მიბრუნდა ფრონტის ხაზზე.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე – 3 ხარისხის ორდენით. 2015 წელს, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს მისი სახელი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები