კურორტ ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ ბერიძესთან, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მათ მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცეს
სახალხო დღესასწაული უხუცესთა ანსამბლმა ,,ბერმუხამ“ გახსნა. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ქართულ მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად, ადგილობრივი ანსამბლები და ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ.
საკონცერტო ნაწილის შემდეგ, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და დოღში.
ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე გაიმართა ნიშნობის ცერემონიალიც, სადაც ახლადდანიშნულ წყვილს გადაეცათ საჩუქრები. ასევე, მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ხულოელის სტატუსი მიენიჭათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს, ჭაბუკა სურმანიძეს, შალვა ჯორბენაძეს, გურამ აბულაძეს და ლეილა ბოლქვაძეს
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ფრანების შოუ, საბავშვო აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, კვების სივრცეები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები
„შუამთობა” უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს