რუსთაველები, ოლიმპიური ნაკრების რუსთაველი წევრების – გიორგი სარდალაშვილისა და ლაშა გურულის საგულშემატკივროდ, ახალ სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან

რუსთავში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების რუსთაველ სპორტსმენებს – ლაშა გურულს და გიორგი სარდალაშვილს, ახალ სპორტის სასახლეში უგულშემატკივრებენ, სადაც დიდ ეკრანზე მოეწყობა პირდაპირი ტრანსლაცია პარიზიდან.

პარიზში 2024 წლის ოლიმპიადაზე ორი რუსთაველი სპორტსმენი – გიორგი სარდალაშვილი და ლაშა გურული ასპარეზობენ. მსოფლიოს  ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი ტატამზე დღეს პირველი  გამოვა, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის პრიზიორი კრივში ლაშა გურული კი პირველ მეტოქეს რინგზე 29 ივლისს დაუპირისპირდება.

,,ჩვენ განსაკუთრებულად მოვემზადეთ რუსთაველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ორი რუსთაველი სპორტსმენი – გიორგი სარდალაშვილი და ლაშა გურულია. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მათ და სპორტის სასახლიდან ყველა ერთად ვუგულშემატკივრებთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი შეძლებენ ოლიმპიური მედლების მოპოვებას და გაახარებენ საკუთარ ქვეყანას და ქალაქს”, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.
რუსთაველი ჩემპიონების საგულშემატკივროდ ქალაქში განსაკუთრებული მზადებაა. სპორტსმენების ბანერები განთავსდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ახალგაზრდებმა, რუსთაველმა სპორტსმენებმა და რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის წევრებმა, ოლიმპიელების მხარდასაჭერად, რუსთავის ქუჩებში, საქართველოს დროშებით ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები