სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალ „დალის” შვედი კინორეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ესწრება

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით წელს კინოფესტივალ „დალის” ცნობილი შვედი კინორეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ეწვია.

მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბაჩო ოდიშარიასთან ერთად ფესტივალის სტუმრებისა და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ჰაწვალზე მასტერკლასი ჩაატარა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა. დამსწრეებს მიეცათ შესაძლებლობა, მეტი გაეგოთ კინორეჟისორის პროფესიული გამოცდილების, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. რუბენ ოსტლუნდმა უპასუხა კითხვებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება კინოინდუსტრიაში დიდი წარმატების მოპოვება.
ფესტივალი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ახალგაზრდა რეჟისორების კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული კინოპროექტების კონკურსი. დღეს ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა კინორეჟისორებმა საერთაშორისო ჟიურის საკუთარი იდეები და კინოპროექტები წარუდგინეს, შემდგომ კი უპასუხეს დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს გეგმებსა და კინოპროექტებთან დაკავშირებით.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

მნიშვნელოვანია, რომ კინოფესტივალ „დალის” მონაწილეებს ხვდებიან საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები და კინოინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები. ღონისძიებებში მათი აქტიური მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის.
საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერებმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა, უპასუხეს ფესტივალის სტუმრებისა და ახალგაზრდა კინორეჟისორთა შეკითხვებს, ისაუბრეს საკუთარ საქმიანობაზე, იმ ფესტივალების პირობებსა თუ ფორმატზე, რომლებსაც წარმოადგენენ.

სეტის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოწყობილ კინოთეატრში გრძელდება რუბენ ოსტლუნდის ფილმების რეტროსპექტივა. ამჯერად მაყურებელმა ნახა 2014 წელს გადაღებული ფილმი „ფორსმაჟორი”. ფილმი თავად რეჟისორმა წარადგინა.

ინფორმაციისთვის: მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი” მეოთხედ ტარდება და დიდი წარმატებით მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ფესტივალი 15 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დამთავრდება.

ფესტივალის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების პროექტების განხორციელებას ყველა ეტაპზე და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას, მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდა, ნიჭიერ კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და მწერლებს, მეტი ისწავლონ გამოცდილი პროფესიონალებისგან, რუბენ ოსტლუნდის სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები კი ფესტივალის მიზნების განხორციელების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა ხელშეწყობით დააფუძნა კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა.

სვანეთის მე-4 საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „თელიანი ველი”, ბაზისბანკი, სასტუმრო „Chalet მესტია”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საპროდიუსერო კომპანიები: Svaneti film studio 20 Steps Productions, Indfendent Film Project, Allprint.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები