დღეიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით ახალმა სამგზავრო ავტობუსებმა დაიწყეს ოპერირება

დღეიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით ახალმა სამგზავრო ავტობუსებმა დაიწყეს ოპერირება.

ამ ეტაპზე, ავტობუსები აწყურის, ქალაქ ვალის, კლდის, მინაძისა და ე.წ. მეორე შახტის მიმართულებით იმოძრავებენ. დანარჩენ სოფლებში კი მუნიციპალური ტრანსპორტი ეტაპობრივად ამოქმედდება.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა გამარტივებული და მოსახერხებელი გადაადგილებისათვის უკვე დაინერგა გადახდის თანამედროვე სისტემა. განისაზღვრა მგზავრობის საფასურიც – ქალაქ ახალციხეში , მინაძესა და ე.წ მეორე შახტის დასახლებაში 0,50 თეთრით, ხოლო დანარჩენ სოფლებში ერთი ლარით. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკისა და სპეციალური სამგზავრო ბარათებით.
მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, უფასოდ იმგზავრებენ სკოლის მოსწავლეები და მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით – 50% – იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. შეღავათით მოსარგებლე სტატუსის მქონე კატეგორიის მოქალაქეებმა ინდივიდუალური ბარათის მისაღებად უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკს, ხოლო სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს სამგზავრო ბარათები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტისგან გადაეცემათ.
ავტობუსების გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე და ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორი თორნიკე ხმალაძე.
სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ავტობუსების მოძრაობის განრიგსა და მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია თორნიკე ხმალაძისგან მოისმინეს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. EURO 5-ის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები