თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 8 სართულიანი საცხოვრებელი შენდება. ასევე, დაიწყო მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც აშენდება 12 სართულიანი კორპუსი.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროების მქონე ყველა პირს, 3000 ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო სახლები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დათქმულ ვადებში პროექტების დასრულება, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბათუმელებს, მათ ოჯახებს, შვილებს არ უწევდეთ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება.

,,ბათუმისთვის, ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ავარიული მრავალბინიანი სახლები და ძველი კორპუსები იყო. მოხარული ვარ, რომ აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა აჭარის მთავრობის და ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები. შემდეგი 3 წლის განმავლობაში, 3000 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. უკვე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი, ყველას, საერთო ამოცანაა, რომ დათქმულ ვადებში შევძლოთ ამ პროექტების დასრულება, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბათუმელებს, მათ ოჯახებს, მათ შვილებს არ უწევდეთ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულდა 4 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. ასევე, დასრულდა ავარიული სახლების რეაბილიტაცია 11 მისამართზე.

ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობისა და საკრებულოს წევრები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები