გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“ გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024-ის” გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. ფესტივალში 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ასევე თაფლის, ჩირის, ყველისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეებიც მონაწილეობდნენ. მინისტრის მოადგილემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, ღონისძიების ორგანიზატორებს, „წისქვილი ჯგუფს“ და „მეიდან ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ქართული პროდუქციის ცნობადობას და, შესაბამისად, მასზე მოთხოვნას ზრდის.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეებს წარმოების ზრდაში, ასევე, მარკეტინგის მიმართულებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური საბჭო ქართული ხარისხის ნიშანს ანიჭებს განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებულ ან საგემოვნო თვისებებით გამორჩეულ პროდუქციას. დღეს გამართულ ქართული კუთხეების ფესტივალზე მეწარმეებს ქართული ხარისხის ნიშნის მქონე პროდუქციაც აქვთ წარმოდგენილი“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
ქართული კუთხეების ფესტივალზე წარმოდგენილი იყო „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“, რომელიც 7 სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. როგორც მისმა დამფუძნებელმა გიორგი ხუციშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალში, რაც შეეხება დღევანდელ ფესტივალს, ის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
„ქართული კუთხეების ფესტივალი 2024-ის“ ორგანიზატორის „მეიდან ჯგუფის“ წარმომადგენლის ნათია ცეცხლაძის განცხადებით, ქართული ღვინის და, ზოგადად, ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია; აღნიშნული ფესტივალიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„ქართული კუთხეების ფესტივალი 2024-ის“ პარტნიორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გიდების ასოციაცია, თბილისის ღვინის მუზეუმი, კრწანისის რაიონის გამგეობა, თბილსერვის ჯგუფი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი 2024-ის“ მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ფესტივალის ფარგლებში იმართება ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა კუთხის ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები. ფესტივალი, თბილისის გარდა, იმერეთში, რაჭაში, გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში ტარდება.