ნინო ლაცაბიძე – ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნა იყო და მიხარია, რომ გუნდის მხრიდან დადებული პირობა შევასრულეთ

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქუჩაზე, ახალი   საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. 11 ათას კვადრატული  მეტრ   ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით დღემდე არ არსებობდა, ასფალტის საფარი დაიგო და  მოსახლეობას დღეიდან უკვე მუნიციპალური ტრანსპორტით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებაც ექნება.

ახლად რეაბილიტირებული ქუჩა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა  გახსნეს.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები გამწვანების აქციით დავასრულეთ და  ხანძთელის ქუჩაზე  დღეს პირველად შემოვიდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს მოსახლეობის  მოთხოვნა იყო და მიხარია, რომ გუნდის მხრიდან დადებული პირობა  შევასრულეთ. ინფრასტრუქტურის კუთხით ტერიტორია სრულად კეთილმოწყობილია, საავტომობილო გზაზე დაგებულია ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები და გამწვანების ზონები, ასევე ახალი  გაჩერებები და მოსახლეობისთვის კომფორტული გახდება მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობაც”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ხანძთელის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც,  ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე, სხვადასხვა  სახეობის 100-ზე მეტი ხე-მცენარე  დაირგა. აქციაში, ქალაქის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი,  რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების”  წევრები, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები და რუსთაველი ახალგაზრდები ჩაერთნენ.

,,გარდა იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის პირდაპირი თხოვნა და დაკვეთა იყო, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარ პრიორიტეტსა და მიმართულებას წარმოადგენს მუნიციპალური  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. უნდა ითქვას, რომ  ხანძთელის ქუჩაზე მხოლოდ  ინფრასტრუქტურა კი არ მოწესრიგდა, არამედ,  რეალურად ერთ-ერთი ახალი ცენტრალური უბანი შეიქმნა მე-18-ე და მე-19-ე მიკრორაიონებს შორის.  ამავე უბანში მოეწყო ახალი სკვერი, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა და დღეიდან დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით აუცილებლად გააგრძელებს საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

ქალაქის მერმა და მაჟორიტარმა, დღეს აღნიშნული ქუჩის მოსახლეობასთან ერთად,  ახალ მარშრუტზე მოძრავი  მუნიციპალური ავტობუსით იმგზავრეს.

ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი  ბორდიურები,  საფეხმავლო ბილიკები,  სანიაღვრე ქსელი,  და მოედანი.  გასულ კვირას ამავე უბანში რუსთავის მერიამ,  მინი საფეხბურთო მოედანი   გახსნა.

რუსთავში,  გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები