ნინო ლაცაბიძე: სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, 700-მდე ოჯახს გადავეცით ფართები საკუთრებაში
რუსთავში, წლების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 21 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.
რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, ამის თაობაზე ინფორმაცია, მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებმა გააცნეს. ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა მათ საქართველოს მთავრობის განკარგულება გადასცეს და შემდგომი პროცედურები განუმარტეს.
,, სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, 700-მდე ოჯახს გადავევით ფართები საკუთრებაში. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართებზე, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდათ. დღესაც პრემიერის განკარგულებით, დამატებით 21 ოჯახს მივულოცეთ ფართების საკუთრებაში გადაცემა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ოჯახებს, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ ბინები საკუთრებაში, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
,,გრძელდება სახელმწიფო პროგრამა რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და გულისხმობს საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად – 1 ლარად ინდივიდუალურად ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემას. რუსთავში რამდენიმე ათეულ ოჯახს გადავეცით დღეს ფართი, საერთო ჯამში კი 700-მდე ოჯახს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი აუცილებლად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას”- განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 700-მდე ოჯახს გადაეცა.