ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა

29 მაისს, ქ. სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

 ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 285-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.

 შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფელის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და დამატებითი ადამიანების იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1860 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.

 შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები