სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროპული სტანდარტის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), გერმანია საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ (ISWM II) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ითვალისწინებს ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას.
ნარჩენების მართვის ახალი ობიექტი მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს და უზრუნველყოფს ნარჩენების თანამედროვე, სპეციალური ტექნიკით უსაფრთხოდ განთავსებას, საქართველოს კანონმდებლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისად. ობიექტზე დამონტაჟებული თანამედროვე სისტემების საშუალებით (წყლის მაღალტექნოლოგიური გამწმენდისისტემა – რევერსული ოსმოსი, უჯრედის საიზოლაციო ფენები, გამოყოფილი აირების შეგროვების სისტემა) მიწისქვეშა წყლები, ჰაერი და ნიადაგი დაცული იქნება მავნე ზემოქმედებისგან.
ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს არის დაგეგმილი, რის შედეგადაც რეგიონში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა. ნარჩენების შეგროვების მომსახურება უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი და რეგიონში გაუმჯობესდება როგორც გარემო, ისე საცხოვრებელი პირობები.
სამუშაოებს შეასრულებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენები პროექტის ფარგლებში, ანალოგიური, თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ობიექტის სამშენებლო სამუშოები უკვე დაიწყო, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს არის დაგეგმილი.