ოზურგეთს 8 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება

35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

ოზურგეთის მერის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე მოხდა შეძენა და შემოყვანა 8 ერთეული  ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსის, რომლითაც მოქალაქეებს მგზავრობისას სრული კომფორტი შეექმნებათ.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგეხსენებათ, ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ახალი ავტობუსების შემოყვანა და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება – ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და ოზურგეთში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება – საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შევიძინეთ და შემოვიყვანეთ 8 ერთეული  ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს მგზავრობისას სრულ კომფორტს შევუქმნით. 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება,“- აღნიშნა მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ  სამარშრუტო გეგმაზე, ტარიფებსა და მარშრუტების მიმართულებებზეც ისაუბრა.

„მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შემუშავდა ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული უნდა იყოს ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია დეილის ქსელურ მარკეტებში ქალაქ ოზურგეთში და სოფელ ნატანებში, ასევე ლოტოს ჯიხურებში. გაგაცნობთ მიმართულებებს, რომელსაც ახალი ტრანსპორტი მოემსახურება: ოზურგეთი – ურეკი; ოზურგეთი – დვაბზუ – ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი; ოზურგეთი – ნაგომარი; ოზურგეთი – ნარუჯა – ლაითური; ოზურგეთი – შემოქმედი – გომი; ოზურგეთი – სოფ. ოზურგეთი – გურიანთა. რა თქმა უნდა, ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებსაც შევიტანთ. კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები