ოზურგეთში, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და კეთილდღეობას! ქედს ვიხრით გმირების ხსოვნის წინაშე, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ ისტორიული გამარჯვების მისაღწევად. მადლობა ჩვენს საამაყო ვეტერანებს თავდადებისთვის და გმირობისთვის!,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
დღესვე, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, სოფელ მერიაში მცხოვრები ვეტერანი შოთა გოგატაძე მოინახულეს და დღევანდელი დღე მიულოცეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. დამატებით კი ოზურგეთის მერიის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანს, ბატონ შოთა გოგატაძეს 1000 ლარი გადაეცა.