ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ქალაქ ახალციხეში, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი.
ასევე, ოჯახში პირადად ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანი სააკ მიქაელიანს, რომელსაც ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს პრემიერის მისალოც ბარათთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიისგან და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურისგან საჩუქრები გადაეცა. გარდა ამისა, ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწია – მთავრობისგან 2000 ლარის, ხოლო მუნიციპალიტეტისგან – 700 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.