“ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ… ვეღარ მოვასწარი… დინებამ გაიყოლა”,- ამის შესახებ ადიდებულ მდინარე კავთურას მიერ გატაცებული ერთ-ერთი მამაკაცის მამა, გივი ონოფრიშვილი აცხადებს.
ონოფრიშვილი მომხდარის დეტალებს ჟურნალისტებთან იხსენებს და ამბობს, რომ მეორე გარდაცვლილი მისი ძმიშვილია.
“ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ… შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა. ერთ-ერთი ჩემი ძმიშვილი იყო” , – ამბობს ონოფრიშვილი.
ცნობისთვის, ავტომობილი, სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მდინარე კავთურამ გაიტაცა. შემთხვევა სოფელ კავთისხევში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამიდან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ წყლიდან ამოსვლა თავად შეძლო, ხოლო მესამეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.