გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები ჩატარდა
გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო გორის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და მერიის კონტრაქტორი კომპანია.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმოამდგენლები.
ბოლო რამოდენიმე დღეა მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯუდა და თორთლა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები – რეხა, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი და კარალეთის დევნილთა დასახლება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დატბორილია დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სავარგულები.
ნალექის მატებასთან ერთად შესაძლოა მდგომარეობის გართულება, შესაბამისად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.