2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება

2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. დღე ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, სადღესასწაულო წირვაზე ბაგრატის ტაძარში  შეკრებილ ადამიანებს „ქუთაისობა“ მიულოცა. ქალაქის დალოცვის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ჩოხოსნები.

„ქუთაისქალაქობის“  აღნიშვნა „სამი ოთარის“  ძეგლთან გაგრძელდა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას.

„ქუთაისქალაქობა 2024-ს“  ვულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს,  ვულოცავ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი და ყოველ 2 მაისს ქუთაისისკენ მოისწრაფვის!

სავარდო და სამაისო ქუთაისის დღეა 2 მაისი. ამ დღეს ყველაზე ლამაზია, ყველაზე ლაღი და მიმზიდველი.

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ქუთაისის ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესია!

წელსაც, როგორც ყოველთვის, „ქუთაისქალაქობა“ დავიწყეთ ქალაქის დალოცვით, პატივი მივაგეთ სამი გამორჩეული ქუთაისელის, სამი ოთარის ხსოვნას. სწორედ ასეთი ადამიანები ჰქმნიდნენ  ქუთაისის ღირსეულ ისტორიას და მაგალითს აძლევდნენ მომავალ თაობებს.

მშვიდობიან,  სიყვარულით  და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ!“ – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები