დავით შერაზადიშვილი „პოზიტიური მშობლობის პროგრამასთან“ დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც „პოზიტიური მშობლობის პროგრამას“ მიეძღვნა. აღნიშნული პროგრამა ოჯახის გაძლიერებას ემსახურება და მიზნად ისახავს საჭიროების შემთხვევაში მშობლის დახმარებას, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად როგორც პრევენციის, ასევე რეინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, პარლამენტის ბავშვის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ნიკო თათულაშვილი, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფო კილაძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტი, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, 2024 წელს საპილოტედ შერჩეულ ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში დაიწყება. „პოზიტიური მშობლობის პროგრამა“ გერმანული გამოცდილების საფუძველზე საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება.
„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დავესწარი, რომელიც „პოზიტიური მშობლობის პროგრამას“ მიეძღვნა. შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მივმართე და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის გამოცდილება გავუზიარე. ჩვენთვის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რამეთუ ბავშვის სწორად განვითარება და აღზრდა განსაზღვრავს მის სწორად ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას. მოგეხსენებათ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შესაბამისი სტრუქტურითა და პროგრამებით.
ვფიქრობ, ჩვენს მუნიციპალიტეტში „პოზიტიური მშობლობის პროგრამის“ დანერგვით კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით მშობლებს, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალის მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად როგორც პრევენციის, ასევე რეინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.